Wednesday, March 29, 2017

როს „არას“ ნაცვლად - ამბობდი „ალას“,
როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;
ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ -
ვინ გიმღეროდა?!
- მშობელი დედა.

ეზოში როცა იტკენდი რამეს, -
ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!
შენი გულისთვის უძილო ღამეს
ვინ ათენებდა?! 
- მშობელი დედა.

ახლა, - ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -
შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?!
შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით
ვინ ვერ ისვენებს?!
- მშობელი დედა.

ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე
ვის უხარია ყველაზე მეტად?!
ყველაზე უფრო, - თუკი ივარგებ, - 
ვინ იამაყებს?!
- მშობელი დედა

No comments:

Post a Comment

ბიბინა მოლი და ეზო წყნარი, კუდაპრეხილი ცუგრია ძაღლი, მერცხლის ბუდე და ჭრიალა კარი... მე ასე მახსოვს ბაბუას სახლი. ელვარე თმები, ვ...