ბიბინა მოლი და ეზო წყნარი,
კუდაპრეხილი ცუგრია ძაღლი,
მერცხლის ბუდე და ჭრიალა კარი...
მე ასე მახსოვს ბაბუას სახლი.
ელვარე თმები, ვით მწიფე წაბლი
და ჩუმი, როგორც ფიქრი და სევდა,
მკრთალი თითები - სანთლები თაფლის -
მე ასე მახსოვს მშობელი დედა.
მის ღაწვზე ობლად მბრწყინავი ცრემლი
თუ რას ნიშნავდა, ვერ ვგრძნობდი იმ დროს...
არ მაგონდება თვალების ფერი,
მე მახსოვს მისი თვალების სითბო.
ეზოში სახლი, დუმილი მკაცრი,
ფანჯრებს ჩამოხსნეს ფარდები თეთრი...
მეფერებოდა ქალი თუ კაცი, -
მე ასე მახსოვს სიკვდილი დედის.
შემდეგ დედულეთს წავედი სოფლად,
თვალებს დროებით შეაშრა ცრემლი
და სოფლის ალალ ბიჭებთან ყოფნამ
გადამავიწყა ობლობა ჩემი.
როცა დავბრუნდი წვივდანაკაწრი
და ჩემს ეზოში მინდოდა ლხენა -
ფინიას ნაცვლად დამხვდა ნაგაზი,
რომელმაც ავად დამიწყო ღრენა.
სახლში ყველაფერს შევავლე თვალი,
ყველა დამიხვდა იქ, დედის გარდა...
სარკმელთან იდგა უცნობი ქალი
და ზედ ჰკიდებდა თოვლისფერ ფარდას.
თუმცა თვალებში არ ჰქონდა ზიზღი,
მაგრამ ვერ შევძელ მე დაძვრა ენის...
ბებომ თქვა: იყავ დამჯერე მისი;
მამამ თქვა: დედა არისო შენი.
დედას სათუთი თითები ჰქონდა
და იყო ჩუმი, ვით ჩიტი ღამით...
მე მისი უბის სითბო მახსოვდა
და ვერ ვიწამე სიტყვები მამის...
ეს იყო მხოლოდ გუშინწინ თითქოს
და თავი ახლაც ბავშვი მგონია...
მას შემდეგ ვეძებ დაკარგულ სითბოს
და იგი ვერსად ვერ მიპოვნია.
|
Thursday, March 30, 2017
Wednesday, March 29, 2017
დედის თბილ ხელებს!...
"ია ამოდის დედის ცრემლზე..."გამიგონია,
შემორჩენია ეს სიტყვები, სულს მოგონებად,
დედის კალთაში თავჩადებულს არ გეშინია,
თუ გიჭირს, დედა დაგედება სულზე მალამოთ...
როგორც სანთელი ჩამოქნილი ღმერთის ხელებით...
ისე ნელნელა იღვენთება, დედის სიცოცხლე,
რამდენი რამე გვიგროვდება სულში სათქმელი
და სულ გვგონია, რომ ამის თქმას მოვასწრებთ ხვალეც...
ია ამოდის დედის ცრემლზე, ბრძენს უთქვამს ესეც,
დედის თბილ ხელებს, სხვანაირი მადლი დაჰყვება,
"მოგიკვდეს დედა..."ამას სხვაგან არსად ამბობენ,
გვგონია დედა არ დაგვტოვებს, სულ გვეყოლება?!
და თუ დაგვტოვა, ჰო იმ დღიდან უცბათ ვბერდებით,
დიდი ბავშვები ვრჩებით უკვე ცივ სამყაროში,
მოვასწროთ ყველამ, დავიჩოქოთ დედის მუხლებთან,
ჩვენი ბავშვობა დავინახოთ მის ჭაღარაში!
"ია ამოდის დედის ცრემლზე..." გამიგონია...
ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი - მხოლოდ ერთია.
დედა ერთია ვით მზის ამოსვლა.
ვით უკდავება, დედა ერთია,
და ქვეყანაზე ომის დაწყება
ეგ იგივეა - დედას ესვრიან.
ახალს ლანდივით შორდება ძველი,
ცხოვრების გზაზე ვის არ შეცვლიან,
არ გაჩენილა დედის შემცვლელი, -
სილამაზე და დედა ერთია.
დედა ერთია ვით სინანული,
ვით სისპეტაკე, დედა ერთია,
სიკვდილისათვის თვალის ამოთხრა
მხოლოდ დედას თუ გაუბედნია.
დედამ დათესა ეგ სილამაზე,
დასაბამიდან რასაც ეტრფიან,
ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი მართლა ღმერთია
როს „არას“ ნაცვლად - ამბობდი „ალას“,
როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;
ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ -
ვინ გიმღეროდა?!
- მშობელი დედა.
ეზოში როცა იტკენდი რამეს, -
ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!
შენი გულისთვის უძილო ღამეს
ვინ ათენებდა?!
- მშობელი დედა.
ახლა, - ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -
შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?!
შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით
ვინ ვერ ისვენებს?!
- მშობელი დედა.
ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე
ვის უხარია ყველაზე მეტად?!
ყველაზე უფრო, - თუკი ივარგებ, -
ვინ იამაყებს?!
- მშობელი დედა
Subscribe to:
Posts (Atom)
ბიბინა მოლი და ეზო წყნარი, კუდაპრეხილი ცუგრია ძაღლი, მერცხლის ბუდე და ჭრიალა კარი... მე ასე მახსოვს ბაბუას სახლი. ელვარე თმები, ვ...
-
როს „არას“ ნაცვლად - ამბობდი „ალას“, როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა; ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ - ვინ გიმღეროდა?! - მშობელი ...
-
"ია ამოდის დედის ცრემლზე..."გამიგონია, შემორჩენია ეს სიტყვები, სულს მოგონებად, დედის კალთაში თავჩადებულს არ გეშინია, ...